დავით დარჩიაშვილი სანდრა რულოვსიის სიის პირველ ნომრობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს

230

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დავით დარჩიაშვილი ჭორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი საპარლამენტო არჩევნებზე შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი იყოს.
“ეს არის აბსოლუტური ჭორი, გავრცელებული, არ ვიცი, პროვოკაციული მიზნით, ან როგორი მიზნით. უბრალოდ, ადამიანები თავისთვის მსჯელობენ, ფიქრობენ, მაგრამ პარტიული დოკუმენტი ეს არ არის. ჯერ კიდევ წინ არის დრო იმისათვის, რომ პარტია თავის საარჩევნო სიაზე ჩამოყალიბდეს და საზოგადოებას ამცნოს”, – განაცხადა  დარჩიაშვილმა და აღნიშნა, რომ ჯერ მსგავსი არაფერი ყოფილა.

შეგახსენებთ რომ, “TV პირველის” ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი იქნება.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, სანდრა რულოვსის გარდა “ნაციონალური მოძრაობის” სიის ხუთეულში შესაძლოა იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები დავით ბაქრაძე და სერგო რატიანი, ადვოკატი ოთარ კახიძე, სამართალმცოდნე ზაზა ბიბილაშვილი, ნიკა მელია. ასევე საუბარია იმაზეც, რომ სიაში აღმოჩნდეს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.