იუსტიციის საბჭოს წევრად სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს

47

მოსამართლეთა კონფერენციამ 213 ხმით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად სერგო მეთოფიშვილი აირჩია. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობდა კონფერენციის 226 რეგისტრირებული მოსამართლე. 18 ბიულეტენი გაუქმდა, ხოლო დანარჩენმა 213-მა მოსამართლემ ხმა სწორედ მეთოფიშვილის კანდიდატურას დაუჭირა. მეთოფიშვილი ერთადერთი კანდიდატურაა, რომელიც კონფერენციაზე დაასახელეს, მისი კანდიდატურა საბჭოს წევრობაზე საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ წარადგინა.
მეთოფიშვილმა მადლობა გადაუხადა მოსამართლეებს ნდობისთვის და აღნიშნა, რომ მოსამართლეების ეს გადაწყვეტილება მისთვის საპასუხისმგებლოა.
სერგო მეთოფიშვილი ბოლნისის მოსამართლედ მუშაობდა. იგი ახალი დანიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოში და გამოსაცდელ ვადაში იმყოფება.    შეკითხვაზე, ხომ არ იქნება ინტერესთა კონფლიქტი, თუკი სამწლიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციიდან უნდა გადახედოს საკუთარ საქმიანობას, სერგო მეთოფიშვილმა განაცხადა, რომ ერთი ასეთი პრეცედენტი უკვე იყო ლევან მურუსიძის შემთხვევაში.
“არ მგონია, რომ ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს აღნიშნულმა”, – განაცხადა მეთოფიშვილმა.
მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბევრი პრობლემებია. მათ შორის გამოყოფდა  სასამართლოების გადატვირთულობას. საბჭოს ახალი წევრი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების დანიშვნები მაქსიმალურად უნდა მოხდეს, რათა სასამართლოებმა შვება იგრძნონ.