მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე პროცესებსა და დაპირისპირებაზე დღეს მოსამართლეთა კონფერენცია იმსჯელებს

45

მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე პროცესებსა და დაპირისპირებაზე დღეს მოსამართლეთა კონფერენცია იმსჯელებს . რიგგარეშე შეხვედრა   მართლმსაჯულების სახლში   მიმდინარეობს. განხილვის ერთ-ერთი თემა საგამოცდო ტესტების სკანდალი იქნება. საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლეთა ტესტების შესაძლო გაჟონვის საკითხი პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების განცხადებით საქმე ეხება მოსამართლეების რეპუტაციას და ამისთვის საჭიროა, საქმეში საგამოძიებო უწყებები ჩაერთოს. არსებულ საკითხზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას არ გეგმავს, თუმცა საბჭოს წევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათ საგამოცდო ტესტებთან ხელი არ მიუწვდებოდათ და მათი მონაწილეობა არსებულ სკანდალში გამოირიცხება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა, მოსამართლეების გამოცდებზე ტესტების წინასწარ გატანის თაობაზე სკანდალურ განცხადება დაახლოებით ერთი თვის წინ გააკეთა და მოსამართლეების გამოცდების შედეგები ეჭვქვეშ დააყენა. დღესვე იუსტიციის საბჭოს ახალი წევრის არჩევა მოხდება. საბჭოს წევრ ზაზა მეიშვილს ეწურება სამოსამართლო საქმიანობის უფლებამოსილება და მის ადგილმონაცვლის საკითხს განიხილავენ საბჭოს წევრები.