საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განხორციელდა

66

საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განხორციელდა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა. საკადრო გადაადგილებების შედეგად ძირითადად ცვლილებები საოლქო და რაიონული პროკურატურების ხელმძღვანელებს შეეხო.  კონკრეტულად კი, პროკურატურის ცნობით, შეიცვალა რამდენიმე ოლქის და რაიონული პროკურორი და მოადგილეები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ლევან პაქსაშვილი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად ლევან გეგეჭკორი, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად ილია ჯალაღანია დაინიშნა.
რაც შეეხება თბილისის პროკურატურას და სხვა რაიონულ პროკურატურებს, შიდა საკადრო გადაადგილებების შედეგად თბილისის პროკურორის მოადგილედ-საგამოძიებო ნაწილის უფროსად მერაბ ჯერანაშვილი  დაინიშნა.     მერაბ ჯერანაშვილი     გიგი უგულავას საქმის პროკურორი  იყო.    ასევე  ექვსი პირი სხვადასხვა რაიონულ პროკურორად, ხოლო ორი რაიონული პროკურორის მოადგილედ დაინიშნა. საკადრო ცვლილებები ასევე საქართველოს მთავარ პროკურატურასაც შეეხო. გადაადგილებები განხორციელდა რამდენიმე დეპარტამენტში, კერძოდ კი შეიცვალნენ უფროსები და მოადგილები.
ასევე, პროკურატურის უწყებაში შიდა საკადრო გადაადგილების ფარგლებში, საქართველოს მთავარი პროკურორის ინიციატივით შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა სხდომაზე ოთხი რიგითი პროკურორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების საკითხზე იმსჯელეს და მთავარ პროკურორს დადებითი რეკომენდაციები წარუდგინეს, რის შემდეგაც მთავარი პროკურორის ბრძანებით აღნიშნული პირები დააწინაურდნენ და სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნენ.