დავით ნარმანიას განცხადებით, წელს მასშტაბური გამწვანებითი ღონისძიებები იგეგმება

34

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, წელს მასშტაბური გამწვანებითი ღონისძიებები იგეგმება. როგორც დავით ნარმანიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უკვე შერჩეულია ტერიტორიები სადაც დაირგვება გარკვეული რაოდენობის ნარგავები.
“ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მახათას მთის მიმდებარე ტერიტორია, ასევე ოქროყანის მიმდებარედ არსებული ტერიტორია, სადაც მოიჭრა გამხმარი და დაავადებული ხეები და ახლა დაიწყება ტყის აღდგენითი ღონისძიებები. დაირგვება როგორც წიწვოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები. რაც შეეხება ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, მნიშვნელოვანია, რომ მაგისტრალების გასწვრივ სკვერებსა და პარკებში დაირგვება ტანმაღალი ხეები”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს დავალება მისცა, რომ საგაზაფხულო რგვების ფარგლებში დაგეგმილი გამწვანებითი ღონისძიებების შესახებ უახლოეს დღეებში დეტალური ინფორმაცია მოამზადოს და საზოგადოებას წარუდგინოს.