ეკა მიშველაძე – ჩვენ ბედნიერი ცხოვრება გვქონდა და გვექნება კიდევაც, ყველა იმ ადამიანის სამწუხაროდ, ვინც ასეთი სისასტიკე ჩაიდინა

94

თითქმის სამსაათიანი გამოკითხვის შემდეგ ალექსი პეტრიაშვილის მეუღლემ, ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ პოლიციის სამმართველოს შენობა დატოვა.
როგორც პოლიციიდან გამოსულმა მიშველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამოძიებას მასთან ჰქონდა კითხვები, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო სავარაუდო ეჭვმიტანილი. თუმცა, მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით ვერსიები არ აქვს. ჟურნალისტმა იმედი გამოთქვა, რომ მისი მეუღლის საკითხთან დაკავშირებით დამნაშავე აუცილებლად დაისჯება.

“გამომძიებლებს აინტერესებდათ ყველა დეტალი. მე ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი. მათი შეკითხვა ისიც იყო, ხომ არ მაქვს მე ვერსია ან ხომ არ ვეჭვობ ვინმეზე. მე არ შემიძლია ამ ეტაპზე არაფრის თქმა, რადგან ძნელია ასეთ ვითრებაში ვინმეს ხელი დაადო. ამაზრზენი და სასტიკი რამ მოხდა და იმედი მაქვს, ის ნაძირალა, ვინც ეს ჩაიდინა და ვინც ბუკა გაიმეტა სასიკვდილოდ, დაისჯება”, – აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

რაც შეეხება კითხვას – თუ ვისთან ერთად იმყოფებოდა ალექსი პეტრიაშვილი ინციდენტის დროს, ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. “მე პოლიციისგან გავიგე, რომ სასფლაოზე კიდევ იყვნენ ვიღაცები, თუმცა ვინ იყვნენ, არ ვიცი. მე ისიც არ ვიცოდი, რომ იქ აპირებდა წასვლას”, – განაცხადა მიშველაძემ.

ამასთან, ეკა მიშველაძე იმედოვნებს, რომ საქმე რთული გამოსაძიებელი არ უნდა იყოს, რადგან თავდასხმა დღისით მოხდა. “ჩვენ მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება გვქონდა და გვექნება კიდევაც, ყველა იმ ადამიანის სამწუხაროდ, ვინც ასეთი სისასტიკე და სისაძაგლე ჩაიდინა”, – განაცხადა მიშველაძემ.

ეკა მიშველაძე ჟურნალისტებთან საუბრისას მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.