ეკა ბესელია: პატიმარი აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილმა მის ადვოკატს დადებითი რეკომენდაციის სანაცვლოდ 50 ათასი ლარი მოსთხოვა

134

ეკა ბესელიას ინფორმაციით, არსებობს კონკრეტული პატიმრის წერილი, სადაც ის აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას, მის ადვოკატს მოსთხოვა 50 ათასი ლარი დადებითი რეკომენდაციის სანაცვლოდ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით პატიმრის ეს წერილი მის კომიტეტში შევიდა და ის ითხოვს რეაგირებას.

“ჩემთვის პირადად მოულოდნელი არ არის, მაგრამ გამოძიებამ აუცილებლად უნდა გაარკვიოს ეს ფაქტი, სხვა ფაქტებიც. ჩვენ ოფიციალურად მივიღეთ წერილი პატიმრობაში მყოფი პირისგან, თუმცა ეს არ არის ერთადერთი წერილი, სადაც ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში სხვადასხვა უკანონო ფაქტებზე არის საუბარი. არის კონკრეტული განცხადება, სადაც კონკრეტული სახელით და გვარით მსჯავრდებული მიუთითებს, რომ ელისაშვილმა მის ადვოკატს მოსთხოვა 50 ათასი ლარი დადებითი რეკომენდაციის სანაცვლოდ. მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე ჩვენი კომპეტენცია არ არის და ეს უკვე გამოძიებამ, პროკურატურამ უნდა დაადგინოს, უნდა დაკითხოს ეს პირი, მისი ადვოკატი, თავად ელისაშვილი და ამ ბრალდებებზე თავად უნდა გასცეს პასუხი”, -განაცხადა ბესელიამ.