“საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები დამტკიცა, რომელიც ტყიბულელ მეშახტეებზეც გავრცელდება

პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, “საგადასახადო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირებს საგადასახდო შეღავათებს უწესებს.

ცვლილებები ყველა იმ დასახლებულ პუნქტზე გავრცელდება, რომელსაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ძველი კანონით ჰქონდა მინიჭებული და იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული სტატუსის მოთხოვნებს ახალი კანონით ვერ აკმაყოფილებს, საგადასახადო შეღავათი უნარჩუნდება.
საუბარია დემოგრაფიული მხარდაჭერის მატარებელ საგადასახადო შეღავათზე, რომელიც თავის მხრივ, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას უკავშირდება. ის მათ შორის ტყიბულელ მეშახტეებზე გავრცელდება.

საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, ძალაში რჩება საგადასახადო შეღავათები იმ პირთათვის, რომლებიც 2016 წლის 1-ელ იანვრამდე მოქმედი “მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” კანონით მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ. მათთვის 2016 წლის 1-ელ იანვრამდე საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათები კვლავაც განაგრძობს მოქმედებას. კერძოდ, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი პირი, რომლის კმაყოფაზეა 18 წლის ასაკს მიუღწეველი სამი ან მეტი შვილი, აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირს, რომლის კმაყოფაზეა ერთი ან ორი 18 წელს მიუღწეველი შვილი, აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული 3000 ლარამდე შემოსავლის გადასახადი 50%-ით უმცირდება.

მსგავსი სიახლეები