აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 10 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია.  როგორც   დევნილთა და განსახლების სამინისტროდან  განაცხადეს, მინისტრი სოზარ სუბარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იმყოფებოდა, სადაც 10 იდენტიფიცირებული ნეშტი ოჯახის წევრებს გადასცეს. ექსპერტიზის ბიუროდან ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დღეს, 15:00 საათზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სამინისტროს განცხადებით, 2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა ბაბუშერას ძმათა სასაფლაოს გახსნა და ცხედრების ექსჰუმაცია.
უახლოეს მომავალში მოხდება ბაბუშერას ძმათა სასაფლაოდან გადმოსვენებული კიდევ 12 ნეშტის იდენტიფიცირება. დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, 2016 წელს კიდევ ორი სამარხი გაიხსნება, საიდანაც 100-ზე მეტ ცხედარს გადმოასვენებენ.