თბილისის საქალაქო სასამართლო ლევან მექვაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

104

განცხადებაში ,რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა ნათქვამია: თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულ ლევან მ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ – დაპატიმრების შეფარდების შესახებ.

როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ლევან მ.-ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ჯგუფურად.

“საქმე ეხება, 2016 წლის 26 თებერვალს, ქ.თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ძმათა სასაფლაოზე, ალექსი პ.-ის სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებების მიყენების ფაქტს, რომელიც ბრალდებულმა და სხვა პირებმა ერთად დაგეგმეს და ორგანიზება გაუკეთეს.
სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებულს ბრალად ედება განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც თავის მხრივ, ატარებდა ძალადობრივ ხასიათს. კონკრეტული ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდის მაღალი სტანდარტი ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა მოპოვებაზე ხელის შეშლისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების თაობაზე, რაც გახდა საფუძველი ბრალდებულ ლევან მ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების – დაპატიმრების გამოყენების.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2016 წლის 26 აპრილს, 12:00 საათზე.
აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ნაწილში განჩინება საჩივრდება გამოცხადებიდან 48 საათში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ქვედა კიდურების და წელის არეში.