ნადია სავჩენკოს გასათავისუფლებლად პეტრე პოროშენკო მზად არის, რუსეთს ტყვეები გაუცვალოს. გავრცელებული  ინფორმაციით, განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ანკარაში ვიზიტის დროს გააკეთა.

თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პოროშენკომ აღნიშნა, რომ მსგავსი წინადადება რუსულ მხარეს 2 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ წამოუყენებია.

“ნადია სავჩენკო, ისევე როგორც ყველა უკრაინელი სამხედრო, თავის მოვალეობას ასრულებდა. სამწუხაროდ ის დონბასიდან გაიტაცეს, ციხეში ჩასვეს და ისეთი ბრალდება წაუყენეს, რომელთანაც არაფერი აკავშირებს. რაც შეეხება ტყვეების გაცვლის შესაძლებლობას, ვიყენებ პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებას და პირველად ვაცხადებ, რომ ეს შესაძლებელია. მე მზად ვარ გაცვლისთვის, იმისთვის, რომ ნადია სავჩენკსო სამშობლოში დაბრუნდეს,” – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინელი მფრინავის განაჩენს რუსული სასამართლო 21 მარტს გამოაცხადებს. გუშინდელი პროცესის შემდეგ ნადია სავჩენკო უკრაინელ ექიმებს უნდა მოენახულებინათ, თუმცა ისინი ციხეში არ შეუშვეს.

სერგეი ლავროვმა უკრაინელ კოლეგას სატელეფონო საუბრის დროს განუმარტა, რომ პროცესზე ნადია სავჩენკოს ქმედებებმა და მოსამართლეებისთვის შეურაცხყოფის მიყენებამ ეს შეუძლებელი გახადა.