საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს ინვესტიციების მოცულობა 2014 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე 23%-ით ნაკლებია

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 2014 წლის წინასწარ შედეგებზე 6%-ით მეტი, ხოლო ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებზე 23%-ით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წელს 1351 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6 %-ით აღემატება 2014 წლის წინასწარ შედეგებს და 23 %-ით ნაკლებია ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.
ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 2487 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2015 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 63 პროცენტი შეადგინა.

2015 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები ასე განაწილდა – პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი 40 პროცენტით, მეორეზე – გაერთიანებული სამეფო 15 პროცენტით, ხოლო მესამეზე – ნიდერლანდები 8 პროცენტით.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2015 წელს 68 % შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობა 191 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობა 129 მლნ აშშ დოლარით.

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი კომპანიების რეიტინგული ნუსხა ასე გამოიყურება – “ბი-ფი ჯგუფი”; სს “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი”; სს “ბიჯეო ჯგუფი”; შპს CBD Development, “აიდიეს ბორჯომი” – შპს “აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის” საქართველოს ფილიალი; შპს “აჭარისწყალი ჯორჯია”; შპს “ტავ ურბან საქართველო”; სს “ნენსკრა ჰიდრო”; შპს “რუსთავის აზოტი”; შპს “ბათუმი თაუერი”.

მსგავსი სიახლეები