სკოლის მასწავლებელთა 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა

32

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობამ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ვერც ამჯერად მოახერხა. პედაგოგთა ბოლო საგნობრივი გამოცდა მიმდინარე წლის იანვარში ჩატარდა, სადაც სულ 10 552 პრაქტიკოსი პედაგოგი დარეგისტრირდა, მათგან ტესტირება 6 477-მა გაიარა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი რომელიც 60%-ით განისაზღვრებოდა, 1 101-მა გადალახა. ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 17%-მა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ყველაზე სავალალო შედეგი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს აქვთ. კერძოდ, გამოცდაზე მისული 1 167 პედაგოგიდან კომპეტენციის დადასტურება მხოლოდ 94-მა პედაგოგმა, ანუ დაახლოებით 8.%-მა შეძლო.

381-დან მხოლოდ 26-მა, ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 7%-მა ჩააბარა მათემატიკის გამოცდა, რაც შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას, 317-დან ზღვარის გადალახვა მხოლოდ 15%-მა მოახერხა.

საერთო რაოდენობის 9%-მა გადალახა ზღვარი ბუნებისმეტყველებაში. 19.%-მა ფიზიკაში და თითქმის 17%-მა ქიმიაში.

რაც შეეხება უცხო ენის გამოცდას, ინგლისური ენის გამოცდაზე სულ 458 პედაგოგი გავიდა, საიდანაც ზღვარის გადალახვა 83-მა შეძლო, 29-დან 10-მა დაამტკიცა თავის კომპეტენცია გერმანულ ენაში, რაც შეეხება რუსულს, ამ შემთხვევაში ზღვარის გადალახვა გამოცდაზე გასული საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტმა შეძლო.

უნდა ითქვას, რომ ჩატარებული 19 საგნობრივი გამოცდიდადნ რუსული ენის 55%-იანი შედეგი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

იგივე ტენდენცია იყო წინა გამოცდაზეც. რუსული ენის 336 მასწავლებლიდან 162-მა ჩააბარა გამოცდა 2015 წლის ივლისში ჩატარებულ გამოცდის დროსაც. ყველაზე ტრაგიკული შედეგი წინა ჯერზეც დაწყებითმა კლასის პედაგოგებმა აჩვენეს, რომლის მიხედვითაც გამოცდაზე მისული 2 281 პედაგოგიდან კომპეტენციის დადასტურება მხოლოდ 90-მა ანუ 3.9%-მა შეძლო.

მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, პროფესიული განვითარების სქემის განხორციელების პროცესში მოქმედ მასწავლებლებს იგივე გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა კიდევ ხუთჯერ მიეცემათ.