ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 231 ერთეული შეადგინა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის თებერვალში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 231 ერთეული შეადგინა, მათგან 95.7% სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 4.3% – არასამეწარმეო სუბიექტი.
სააგენტოს პრესსამსახურის განმარტებით, ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.967 დონეზე დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მონაცემებით, თებერვალში დაფიქსირდა ზრდა როგორც წინა თვესთან (50.5%-ით), ასევე, წინა წლის იმავე თვესთან (2.4%-ით) შედარებით. კერძოდ, 2016 წლის თებერვლის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 48.1%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 134.6%-ით გაიზარდა.

“თებერვლის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 055 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 48.6%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 865 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 44.1%) სახით.
როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 92.6% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 181 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 90 კოოპერატივი, 26 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 12 სააქციო საზოგადოება და 2 საჯარო სამართლის იურიდიული პირი”, – ნათქვამია რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები