პრემიერ-მინისტრი გიორგი გაფრინდაშვილს კანდიდატურის მოხსნის თხოვნით მიმართავს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გაფრინდაშვილს კანდიდატურის მოხსნის თხოვნით მიმართავს:

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაძაბულობა მატულობს, ახალგაზრდები გამოთქვამენ პროტესტს კანცლერის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით.

ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია უმაღლეს სასწავლებლებში მმართველობის პროცესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ესკალაციის ფონზე გაჩნდა გარკვეული ეჭვები ხელისუფლების მხრიდან პროცესში ჩარევის კუთხით, მინდა, ვთხოვო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ვლადიმერ პაპავას, მაქსიმალურად უზრუნველყოს პროცესის დამოუკიდებლობა და არჩევნების პროცესის გამჭვირვალობა; ასევე, მინდა, ვთხოვო საბჭოს წევრებს, რომლებიც მხარს უჭერენ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას და თავად გიორგი გაფრინდაშვილს, გაითვალისწინოს არსებული სიტუაცია და, ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენთვის ყველასთვის სათაყვანებელი ინსტიტუტი და ცოდნის ტაძარია. ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი მხრიდან რაიმე სახის ძალისხმევა დავაკლოთ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილებას”, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები