ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ხვალ, 12:00 საათისთვის უნივერსიტეტში საპროტესტო აქციას გამართავენ

170

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ხვალ, 12:00 საათისთვის უნივერსიტეტში საპროტესტო აქციას გამართავენ.
სტუდენტების მოთხოვნა უცვლელია – უშიშროების თანამშრომლებმა დატოვონ საუნივერსიტეტო სივრცე, გაუქმდეს სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიები; ასევე, უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის არჩევის პროცესში მოხდეს სტუდენტებისა და ლექტორების მაქსიმალური ჩართულობა და კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილმა გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნას.
როგორც   აქციის მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა თემურ ჩაიძემ განაცხადა, ორშაბათს მოხდება კანცლერის პოზიციაზე წარდგენილი გიორგი გაფრინდაშვილის შეხვედრა აკადემიურ საბჭოსთან, რის შემდეგაც გახდება ცნობილი დარჩება თუ არა გაფრინდაშვილის კანდიდატურა წარდგენილ პოზიციაზე. თემურ ჩაიძის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, მოიხსნება თუ არა გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა, სტუდენტების აქციები მათი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.
აქციის მონაწილე სტუდენტები ამჟამად სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში არიან შეკრებილი. სტუდენტების მხარდასაჭერად, დღეს, 17:00 საათზე უნივერსიტეტის ეზოში აქცია-კონცერტი გაიმართება.