პარლამენტი სპეციალური საარჩევნო უბნების ფორმირებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის განხილვას იწყებს

43

პარლამენტი სპეციალური საარჩევნო უბნების ფორმირებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის განხილვას იწყებს. ამ მიმართულებით “საარჩევნო კოდექში” დაგეგმილ ცვლილებებს ხვალ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი განიხილავს. კანონპროექტის ავტორია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მიერ შექმნილი სამუშო ჯგუფი და თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი – მთავრობა.
კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება სპეციალური უბნების შექმნა თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფების ტერიტორიაზე.
კონკრეტდება იმ გამონაკლისების ჩამონათვალი, სადაც 50-ზე მეტი ამომრჩევლის შემთხვევაში, სპეცუბნების შექმნის შესაძლებლობა რჩება. ეს გამონაკლისებია: სამხედრო მოსამსახურეების დისლოკაციის ადგილი საზღვარგარეთ, პენიტენციური დაწესებულებები , საავადმყოფოები და სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებები, სათნოების სახლები, მიუსაფართა თავშესაფრები, შშმპ პანსიონატები და სხვა სოციალური მიზნის დაწესებულებები.
იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში ამომრჩეველთა რაოდენობა 50-ს არ აღემატება, ისინი უახლოეს საარჩევნო უბანს მიემაგრება.
თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები, აგრეთვე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეები არჩევნებში მონაწილეობას მათი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიიღებენ.
პროექტის მიხედვით, ზემოაღნიშნული პირებს სპეციალურ სიაში შეიყვანენ და ხმას შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ უბანზე მისცემენ, თუ მათი სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, ხოლო იმ პირებს, რომელთაც სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ დისლოკაციის ადგილის/სამსახურის დატოვება, შესაძლებლობა მიეცემათ ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცენ.

პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში შესაბამის საარჩევნო ოლქში მონაწილეობას მხოლოდ ის სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, რომელიც არჩევნების დღისათვის მუდმივი წესით, ერთი წლით ან ერთ წელზე მეტი ვადით განთავსებულია დისლოკაციის ადგილზე ან თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.
შუალედურ, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება მხოლოდ იმ მოსამსახურეებს, რომლებმაც შესაბამის ბოლო მორიგ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა იგივე სპეცსიით.
სპეციალურ სიებში შეყვანილ პირთა არჩევნებში მონაწილეობის პროცესის დამატებით გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და მათი საარჩევნო უფლების დაცვის მიზნით, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელები ვალდებულნი იქნებიან, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრონ იმ მოსამსახურეების სამსახურებრივი პირობების ჩამონათვალი, რომლებიც არჩევნების დღეს მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, მათი სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემის, ასევე მათთვის არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესი და პირობები.
კანონპროექტს ხვალ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე წარუდგენენ.