საქართველოში ცივი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება

36

დღეს შავი ზღვის სანაპიროზე 3-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიზე დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს. კერძოდ, დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, ზოგან კი 20-25 მეტრი წამში; აღმოსავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 28 მეტრსაც მიაღწევს. შავი ზღვის სანაპიროზე კი 3-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღეს დღისით 7-12 გრადუსის ფარგლებში იქნება.

16-17 მარტს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და თოვლი საქართველოს მთიან რაიონებშიცაა მოსალოდნელი. წვიმა შენარჩუნდება დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგიერთ რაიონში.

16-18 მარტს საქართველოს ბარში ღამის საათებში შესაძლოა ყინვა დაფიქსირდეს, რაც საფრთხეს შეუქმნის აყვავებულ ხე-მცენარეებს.
16 მარტს საქართველოში დღისით ტემპერატურა 5-10 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, 17 მარტს კი 4-9 გრადუსის ფარგლებში.
სინოპტიკოსების განცხადებით, ცივი ამინდი საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, თუმცა ნალექის ინტენსივობა თანდათან შემცირდება.