შპს “სტუდია მაესტროს” კრედიტორთა კრება დღეს გაიმართება

36

შპს “სტუდია მაესტროს” კრედიტორთა კრება დღეს გაიმართება. როგორც შპს-ს ერთ-ერთი მეწილის, მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განაცხადა, კრედიტორთა კრება დღეს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოშია დანიშნული.
რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძის გადაწყვეტილებას გაკოტრების საქმის შეჩერების თაობაზე, გვენეტაძის თქმით, ამ შემთხვევაში ლევან გაჩეჩილაძეს როგორც კომპანიის გენერალურ დირექტორს, მოუწევს არსებული დავალიანებების დაუყოვნებლივ გადახდა. გვენეტაძის განცხადებით, შპს “სტუდია მაესტროში” შექმნილი სიტუაცია შემაშფოთებელია.

“ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ შპს “ემ ინვესტმენტის” სახელით, რომელიც მაკა ასათიანის მფლობელობაშია. ამ კომპანიას სარეკლამო კონტრაქტი აქვს ტელეკომპანია “იმედთან”. მოვუწოდებ და ვაფრთხილებ შპს “სტუდია მაესტროს” ხელმძღვანელებს, რომ უზრუნველყოს ამ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები. კონტრაქტის მიხედვით, ტელევიზიამ უნდა იმაუწყებლოს, რომელსაც ექნება ის ლოგო, რომელიც ახლა აქვს და კონტენტი და თანამშრომლები უნდა იყოს ისეთი, რომლებიც შეძლებენ ამ ბადით მაუწყებლობას. თუმცა, კეთდება განცხადებები თანამშრომლების წასვლასთან და ლოგოს გამოუყენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ არანაირად ხელი არ შეგვიშლია მაუწყებლობისთვის და შპს “სტუდია მაესტრო” ამ დრომდე მაუწყებლობს იმავე შენობაში, სადაც მაუწყებლობდა”, _ განაცხადა გვენეტაძემ.