სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებებს არ გამორიცხავს. ის დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა.

მინისტრის განცხადებით, კანონში ცვლილებები საჭიროა და ამის ინიციატორი მისი სამინისტრო იყო. პაატა ზაქარეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ამჯერად მაინც შევა კანონში ცვლილებები.

“ეს არ უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. ეს უნდა იყოს ადმინისტრაციული დანაშაული, უნდა გადაიხადოს ჯარიმა, როცა ის იხდის ჯარიმას, ე.ი ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებს კანონს, რად გვინდა, რომ ადამიანი ორი წლით ციხეში იყოს ჩასმული. არაფერს არ გვაძლევს ეს. გარდა იმისა, რომ ვაჭმევთ და ვასმევთ“- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ოფიციალური მოსკოვის მოთხოვნას უპასუხა საგარეო უწყებამაც. ზურაბ აბაშიძის თბილისში დაბრუნებას და პრაღაში გამართულ შეხვედრაზე დეტალურ განმარტებებს ელოდებიან პარლამენტშიც. უმრავლესობის ლიდერი კარასინს უფლებამოსილებას ახსენებს. უმცირესობა კი აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას ითხოვს.