თსუ-ის თვითმმართველობის წევრები ხვალ რექტორის გადაყენების საკითხზე აკადემიური საბჭოს წევრებს შეხვდებიან

38

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები ხვალ, რექტორის გადაყენების საკითხზე აკადემიური საბჭოს წევრებს შეხვდებიან, – ამის შესახებ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან განაცხადეს .

თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა თვითმმართველობის სხვა წევრებთან ერთად მომავალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რექტორის გადადგომის მოთხოვნა უცვლელია, ხვალ კი თვითმმართველობის წევრები აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრას გამართავენ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, თვითმმართველობა რადიკალურ ზომებს მიმართავს.
“თსუ სტუდენტურმა თვითმმართველობამ, ისევე, როგორც “აუდიტორია 115″-ის სტუდენტებმა პირველ კორპუსში შევწყვიტეთ დემონსტრაციები, რათა ხელი არ შეეშალოს სასწავლო პროცესს, თუმცა ჩვენი მოთხოვნა – რექტორის გადადგომა, კვლავ ძალაშია”, – აღნიშნა საბაურმა.

საპროტესტო აქციის მონაწილე მეორე სტუდენტურ ჯგუფთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით შალვა საბაურმა განაცხადა, რომ იქნება დიალოგი, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებზეც.