„არ უნდა ავყვეთ თითის ქნევას და მუქარას,”- ირაკლი ალასანია

33

არავითარ შემთხვევაში არც საზოგადოება და არც ხელისუფლება არ უნდა ავყვეთ რუსეთის მხრიდან თითის ქნევას, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბარში, საქართველოს მხრიდან ანტირუსული რიტორიკის გაძლიერების თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ალასანიამ განმარტა, რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში ყველა იმ კარტის გათამაშება დაიწყო, რაც არჩევნების წინ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას უკავშირდება.

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი მიიჩნევს რომ კარასინის განცხადება პირდაპირ უკავშირდება საქართველოში პრორუსული განწყობების მხარდაჭერას და საქართველოსთვის თითის ქნევას, რომ თუკი კარგად არ მოვიქცევით, სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს.

“არავითარ შემთხვევაში, არც საზოგადოება და არც ხელისუფლება ამ თითის ქნევას და მუქარას არ უნდა ავყვეთ. უნდა გავაგრძელოთ ძალიან ცივი გონებით, ნაბიჯების გადადგმა იქითკენ, რომ გავიმყაროთ საერთაშორისო მხარდაჭერა, გაგრძელდეს არ აღიარების პოლიტიკა და რუსეთთან ურთიერთობაში ამან სააკაშვილის დროინდელ ისტერიკაში არ უნდა გადაგვაგდოს. ცივი გონებით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობების უკვე სახალხო დიპლომატიურ და სავაჭრო დონეზე აღდგენა აფხაზებთან და ცხინვალის რეგიონის ოსურ მოსახლეობასთან”, – განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება აბაშიე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის გაუქმების შესაძლებლობის საკითხს, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი მიიჩნევს, რომ მისი გაუქმება სიკეთეს არ მოიტანს.

“ჩვენ უბრალოდ სწორი დიპლომატიური სვლებით და სწორი სტრატეგიული ჩანაფიქრით უნდა გვქონდეს მოლაპარაკებები რუსეთთან. “თავისუფალ დემოკრატებს” ასეთი დიდი დიპლომატიური გამოცდილება მართლაც გვაქვს რუსეთთან და ამიტომ, როცა ხელისუფლებაში მოვალთ, განვახორციელებთ იმ გეგმას, რომელიც უკვე გვაქვს – გერმანიის მონაწილეობით რუსეთთან თანაბარუფლებიან პირობებში მოლაპარაკებების გაგრძელების”, – აღნიშნა ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა 2 დღის წინ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ანტირუსულ რიტორიკაში დაადანაშაულა. მისი თქმით, რუსული მხარე ჯერ თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ მათ მოთმინებსაც აქვს საზღვარი.

“დღეს მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და ცხადად მზარდი ანტირუსული რიტორიკაა, რომელიც ისმის თბილისში, საერთაშორისო პლატფორმებზე, ისმის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდანაც, თუმცა ყველაზე საწყენი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ისაა, რომ ასეთი განწყობები ოფიციალური წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, მინისტრების და პრეზიდენტის მხრიდანაც კი ისმის”, – განაცხადა კარასინმა.