პარლამენტში დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის გამოსვლას ხმაური მოჰყვა. წიკლაურმა სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას საკონსტიტუციო ცვლილებაზე ისაუბრა, რომელიც ქორწინების შესახებ ჩანაწერს შეეხება. “ქართული ოცნება” ამ თემას ახლა აჟიოტაჟის საგნად იყენებს. ეს არის სწორედ იმ კრახის აღიარება, რომელიც მათ გამოიჩინეს ეკონომიკაში, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მიმართულებით. ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ ქორწინება მართლაც ქალისა და მამაკაცის ერთობაა, მაგრამ ამ საკითხებით აპელირება ხაზს უსვამს, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ აღიარა კრახი ყველა მიმართულებით”, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა სხდომაზე.
დეპუტატის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა სამარცხვინოა, რასაც სხდომაზე ნუკრი ქანთარია გამოეხმაურა. ნუკრი ქანთარიას თქმით, სამარცხვინოები თვითონ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არიან.
კიდევ ერთი დაპირისპირება უმრავლესობის წევრს გიგა ბუკიასა და უმცირესობის წევრს აკაკი მინაშვილს შორის მოხდა. ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დეპუტატების დაწყნარება მანდატურებმა მოახერხეს.