ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლების ნაწილი განცხადებას ავრცელებს

77

ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლების ნაწილი ითხოვს, რომ ტელეკომპანიის ეთერს დაუბრუნდეს ლოგო და სახელი, ხოლო ლევან გაჩეჩილაძეს შეუწყდეს დირექტორის ფუნქცია. ჟურნალისტთა ნაწილი, მოთხოვნების ხუთპუნქტიან წინადადებას აქვეყნებს.

“ტელეკომპანია “მაესტროს” ირგვლივ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ეს პირდაპირ აისახება არხის იმიჯზე და მუშაობის ხარისხზე. სამწუხაროდ, რამდენიმე დღეა ლოგოსა და სახელის გარეშე ვმაუწყებლობთ და ვერ ვახდენთ ჩვენი პროდუქტის იდენტიფიცირებას.

იმისათვის, რომ დუღილის ტემპერატურა არ გადასცდეს დაშვებულ ნორმას და პროცესი არ გახდეს შეუქცევადი, საინფორმაციო სამსახურის, ყველა ტელეპროექტის (“ბიზნეს კონტაქტი”; “საქმიანი დილა”; “ფაქტორი”; “1 წუთი”; “სვოთ ანალიზი”) ტექნიკური პერსონალის, გახმოვანების, პროგრამების, დაცვის სამსახურების თანამშრომლების სახელით მხარეებს გთავაზობთ 5 პუნქტიან წინადადებას. შეთანხმების შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ არხს დაუბრუნდება სახე და სახელი, რაც ვიმედოვნებთ, ყველა მხარის ინტერესშია – ტელეკომპანიის ეთერს დაუბრუნდეს ლოგო და სახელი, ლევან გაჩეჩილაძეს შეუწყდეს დირექტორის ფუნქცია და პასუხისმგებელ პირად დაინიშნოს ნეიტრალური ადამიანი შეთანხმების საფუძველზე, ტელეკომპანიის მიმდინარე საქმიანობაში არ ჩაერიოს არც ყოფილი, არც ახლანდელი დირექტორი, არც დამფუძნებლები, უახლოეს დღეებში დაიფაროს მიმდინარე სახელფასო დავალიანება. ჩვენ უზრუნველვყოფთ უწყვეტ ეთერს, თქვენ უზრუნველყავით უწყვეტი დაფინანსება, მოლაპარაკების პერიოდში მხარეებმა და მათმა წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისგან”, – ნათქვამია ჟურნალისტების განცხადებაში.