გია გაჩეჩილაძე: ულტიმატუმები ჟურნალისტებისგან კი არა, სააკაშვილისგან არ მიმიღია

ტელეკომპანია „მაესტროს“ შესაძლოა, სპეციალურად შექმნილმა ბორდმა უხელმძღვანელოს. ამის შესახებ შპს „სტუდია მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ იმედს განუცხადა .
გაჩეჩილაძის თქმით, ბორდი ორივე მხარის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და გარდამავალ პერიოდში შესაძლოა, ტელევიზიას სწორედ ამ ბორდმა უხელმძღვანელოს.

რაც შეეხება „მაესტროს“ თანამშრომლების ხუთპუნქტიან მოთხოვნას, გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეს არის დავა მეწილეებსა და დამფუძნებლებს შორის და ჟურნალისტებს ულტიმატუმის ენით საუბრის უფლება არ აქვთ.

მანამდე კი  ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტების მოთხოვნებს არხის ერთ-ერთი მეწილე მაკა ასათიანი და ახალი გენერალური დირექტორი გამოეხმაურა

ტელევიზიის 25-პროცენტიანი წილის მფლობელი მზადყოფნას გამოთქვამს, მისი მხრიდან შესრულდეს ის მოთხოვნები, რომლებიც ჟურნალისტებმა ხუთ პუნქტად ჩამოაყალიბეს. მაკა ასათიანის ადვოკატის გიორგი გვენეტაძის თქმით, მაკა ასათიანი ტელეფონით ესაუბრა გია გაჩეჩილაძეს, ამ საუბრის და მოლაპარაკებების მიზეზი ჟურნალისტების მიერ შემუშავებული 5 პუნქტიანი მოთხოვნები იყო.

შ.პ.ს. ტელეკომპანია მაესტროს გენერალური დირექტორის ბაჩო კიკაბიძის თქმით, მთავარია, რომ მოლაპარაკებებში ყველა დაინტერესებული მხარე იყოს ჩართული.

რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძეს, ის აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში მისი ძმა ჩაერთვება, რომელიც საკონტროლო პაკეტის მფლობელია.

ტელეკომპანიის ეთერს დაუბრუნდეს ლოგო და სახელი, ლევან გაჩეჩილაძეს შეუწყდეს დირექტორის ფუნქცია და პასუხისმგებელ პირად დაინიშნოს ნეიტრალური ადამიანი; ტელეკომპანიის საქმიანობაში არ ჩაერიოს არც ყოფილი, არც ახლანდელი დირექტორი, არც დამფუძნებლები, უახლოეს დღეებში კი დაიფაროს მიმდინარე სახელფასო დავალიანება, – ეს ნაწილია იმ მოთხოვნებისა, რომლებიც ჟურნალისტებმა გაავრცელეს.

მსგავსი სიახლეები