ევროკავშირი და თურქეთი მიგრაციის კრიზისის გეგმაზე შეთანხმდნენ

74

ევროკავშირის ლიდერები და თურქეთის პრემიერ-მინისტრი მიგრაციის კრიზისის მოგვარების გეგმაზე შეთანხმდნენ.
“ევრონიუსის” ცნობით, ერთობლივი გეგმა ევროპაში არალეგალი მიგრანტების ნაკადის შემცირებას, სირიელი ლტოლვილების საბერძნეთიდან უკან თურქეთში დაბრუნებას და თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაჩქარებას გულისხმობს.

ბრიუსელში მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, შეთანხმება ძალაში 20 მარტს შევა. მისი განხორციელება ეტაპობრივად მოხდება.

“ევროკავშირისა და თურქეთის შეთანხმება შეესაბამება ევროკავშირისა და საერთაშორისო კანონმდებლობას. თითოეულ მიგრანტს ევროპაში ინდივიდუალურად სრული პატივისცემითა და ღირსეულად ვეპყრობით”, – წერს დონალდ ტუსკი.

წინადადება საბერძნეთში თურქეთიდან გადასული ყველა მიგრანტის უკან დაბრუნებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვრიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე თურქეთიდან მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. მხოლოდ წელს კი – 132 000.