გიორგი კვირიკაშვილი – ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოს ბუნებრივი არჩევანია

საქართველო გაატარებს ყველა საჭირო რეფორმას, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ინტეგრირებას და მეორე მხრივ, ბიზნეგარემოს გაუმჯობესებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი ესწრება.
70-ზე მეტი ქართული და ევროპული კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი თემა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, დოკუმენტის იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობა, არსებული გამოწვევები და ის შესაძლებობებია, რომელსაც ქართულ ბიზნესსექტორს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმი სთავაზობს.
მისი თქმით, ძალიან ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი და ქართულმა ბიზნესმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ის შესაძლებობები, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება სთავაზობს. პრემიერი მიიჩნევს, რომ ასოცირების შეთანხმება როგორც ქართული კომპანიებისა და ბიზნესისთვის, ისე ევროკავშირის ბიზნესისთვის სარგებლობის მომტანია.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო, რომლის გატარებასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს. ევროკომისართან მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ გახსნა. შეხვედრაში ვიცე- პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე და საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი, ასევე ევროკავშირის დელეგაცია და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება და იგი ჟურნალისტებისთვის დახურულია.

მსგავსი სიახლეები