შსს-მ ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა

36

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შემდეგ მიღო. შსს-ს ინფორმაციით, სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის განხორციელების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია. შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მაქსიმალურად აკონტროლებს სახელმწიფო საზღვრის ე.წ. მწვანე ზოლს.

არსებული რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები. პირად შემადგენლობას ჩაუტარდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი.

“განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა, საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად გააკონტროლებს მოსახლეობის ინტენსიური გადაადგილებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ადგილებს, მოვლენათა შესაძლო ექსტრემალური განვითარების თავიდან აცილების მიზნით.

საკონტროლო-გამტარი პუნქტების მუშაობა აეროპორტებში, სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე არსებული ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსების სრული და ეფექტური გამოყენებით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელა, რომელზეც ჩანს, როგორ მუშაობენ კინოლოგები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.