იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მამუკა ახვლედიანის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებზე განმარტებას აკეთებს.

როგორც საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აშკარაა ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში მამუკა ახვლედიანის ასეთი გააქტიურების მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების თვალში სასამართლო სისტემის განვითარებისათვის მებრძოლის და ამ ბრძოლისათვის “ჩაგრულის”, “დევნილის” თუ “სისტემის მსხვერპლის” სტატუსის მორგება. საბჭო მოუწოდებს ახვლედიანს, შეწყვიტოს მოსამართლისათვის შეუფერებელი ფორმით საუბარი, სასამართლოს ხელმძღვანელი პირების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და სხვა უამრავი მოსამართლის ლანძღვა, მათი ცილისწამება, მათი “დამნაშავეებად ” მოხსენიება და მათთვის სხვა ცრუ ბრალდებების წაყენება. საბჭო ასევე მოუწოდებს მას, დროულად შეუდგეს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას. “ინტერპრესნიუსი” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“თბილისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მამუკა ახვლედიანის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული არაერთი განცხადების გამო (მათ შორის, სადაც მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დანაშაულებრივი ჯგუფი უწოდა), იუსტიციის უმაღლესი საბჭო აუცილებლად მიიჩნევს გააკეთოს ზოგიერთი განმარტება, რათა ნათელი მოჰფინოს რეალობასა და საქმის ნამდვილ ვითარებას.

აშკარაა ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში მამუკა ახვლედიანის ასეთი გააქტიურების მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების თვალში სასამართლო სისტემის განვითარებისათვის მებრძოლის და ამ ბრძოლისათვის “ჩაგრულის”, “დევნილის” თუ “სისტემის მსხვერპლის” სტატუსის მორგება. როგორც ცნობილია, 2016 წლის 22 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, მიიღო სრულიად ადეკვატური გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული ფუნქციების არაჯეროვანი შესრულებისათვის მამუკა ახვლედიანი გაათავისუფლა თბილისის საქალაქო სასამართლოს/სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან, ხოლო როგორც მოსამართლეს შეუქმნა ყველანაირი გარემო და შესაძლებლობა, რათა მას სრულყოფილად და ჯეროვნად განეხორციელებინა სამოსამართლო უფლებამოსილება. თუმცა, როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტელების ფონზე ანუ მხოლოდ ადმინისტრაციული თანამდებობებიდან გათავისუფლების და მისი მოსამართლედ დატოვების პირობებში, მ. ახვლედიანისთვის, დასახული მიზნის მიღწევა და ზემოაღნიშნული სტატუსის მოპოვება, საკმაოდ გართულდა, რის გამოც იგი განცხადებების ახალ, კიდევ უფრო მეტად შეურაცხმყოფელ, დაუსაბუთებელ და ცრუ ბრალდებების ფორმატზე გადავიდა, რაც გასცდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და მიიღო ყოვლად პროვოკაციული სახე და ფორმა. აღნიშნული, როგორც ამჟამინდელი ვითარებიდან იკვეთება, სავარუდოდ ემსახურებოდა უმთავრესს მიზანს – აეძულებინა იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაეწყო შესაბამისი დისციპლინური პროცედურები, რასაც, როგორმე საბოლოოდ შედეგად მისი მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყოლოდა, რათა მას, საბჭოს “უკანონობის მსხვერპლის” თუ “ჩაგრულის” სტატუსი მინიჭებოდა.

ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ მამუკა ახვლედიანს მოსამართლედ დანიშვნის დღიდან, თითქმის 9 წლის განმავლობაში, არსებითად არ განუხილავს არც ერთი სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის საქმე, რასაც იგი ადმინისტრაციული ფუნქციებით მისი დატვირთულობით ხსნიდა. ახლა, როდესაც იგი მთლიანად გათავისუფლებულია ამ ფუნქციებიდან, მას მიეცა სრული შესაძლებლობა შეასრულოს მოსამართლის ძირეული, ორდინარული ფუნქციები, განახორციელოს მართლმსაჯულება კონკრეტულ საქმეებზე, ამით შეეშველოს თავის უკიდურესად გადატვირთულ კოლეგებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს, და ცოტათი მაინც შეუმსუბუქოს მათ ეს ტვირთი. ამით, იგი მართლაც შეძლებდა, დამაჯერებლობა შეემატებინა თავისი იმ განცხადებებისათვის, რომ მისი ბოლო დროინდელი აქტივობა და გამოთქმული კრიტიკა სწორედ სასამართლოს საზრუნავით არის განპირობებული. თუმცა, სხავადასხვა, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობისა თუ შვებულებაში ყოფნის მიზეზთა მოშველიებით, იგი კვლავ თავს არიდებს სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებას, არ ცხადდება სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ მას, როგორც მოსამართლეს, განსახილველად გადაეცა კონკრეტული საქმეები და, იმავდროულად აგრძელებს სასამართლო სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაციას სატელევიზიო თუ საგაზეთო ინტერვიუებში თავისი დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებებით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ახვლედიანისათვის, როგორც მოსამართლისათვის, შექმნილია ყველა პირობა, რათა მან დაუბრკოლებლად და შეუფერხებლად განახორციელოს თავისი სამოსამართლო საქმიანობა. შესაბამისად, მისი განცხადებები საქალაქო სასამართლოში მისი შემდგომი მუშაობის შეუძლებლობასთან დაკავშირებით ოდნავადაც არ შეესაბამება სიმართლეს. ამგვარად, მისი მცდელობა, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ადმინისტრაციული თანამდებობიდან მისი გათავისუფლება აფერხებს ან რაიმე უარყოფით გავლენას ახდენს მის მიერ სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებაზე, უსაფუძვლოა და ყოველგვარ გონივრულ დასაბუთებას არის მოკლებული.

ბ-ნ ახვლედიანს შევახსენებთ, რომ ადმინისტრაციული თანამდებობა (სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარეობა) პირს სწორედ მოსამართლის სტატუსიდან გამომდინარე ენიჭება. ნებისმიერი სასამართლო თავმჯდომარე, პირველ რიგში მოსამართლეა და, შემდგომ – ადმინისტრაციული ფუნქციის მატარებელი პირი, რაც დამატებით მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას გულისხმობს და არა მხოლოდ “პრივილეგიებს”. თუმცა, როგორც ჩანს, მან სწორედ “ამ პრივილეგიების” დაკარგვის გამოც შექმნა ამხელა აჟიოტაჟი.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, მოსამართლეთა კონფერენციებზე და სხვადასხვა სახის შეხვედრებზე ხელისუფლების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების თანდასწრებით, მოსამართლეები თავისუფლად აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციებს, აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა კანონპროექტის განხილვაში, ღიად საუბრობდნენ სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, გამოთქვამენ მათ შორის მწვავე, კრიტიკულ პოზიციებსა და შეხედულებებს; ნიშანდობლივია, რომ ბ-ნ მამუკა ახვლედიანს არც ერთ კონფერენციასა თუ მოსამართლეთა შეხვედრაზე არ გამოუთქვამს არავითარი, არც დადებითი, და მით უფრო არც რაიმე უარყოფითი მოსაზრება, პრეტენზია ან წინადადება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ რაიმე საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მას “პრობლემების” არსებობის თაობაზე “გაახსენდა” და მათ შესახებ საუბარი წამოიწყო მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ივარაუდა, რომ გარკვეული გადაცდომებისა და სასამართლოს არაეფექტიანი მენეჯმენტის გამო, შესაძლოა საფრთხე შექმნოდა მის ადმინისტრაციულ თანამდებობას. ამასთან, თავისი აქტივობა მან დაამთხვია იმ პერიოდს, როდესაც საბჭოს ზოგიერთ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში უარყოფითი შეფასება მოჰყვა. საბჭოს წინააღმდეგ აგორებულ უარყოფით ტალღასთან შეერთებით იგი დღესაც ცდილობს სიმართლისათვის მებრძოლის, ჩაგრულის “მანტია” მოირგოს და ხელოვნურად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით მოიპოვოს საზოგადოების სიმპათია.

საბჭო მოუწოდებს ბ-ნ ახვლედიანს, შეწყვიტოს მოსამართლისათვის შეუფერებელი ფორმით საუბარი, სასამართლოს ხელმძღვანელი პირების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და სხვა უამრავი მოსამართლის ლანძღვა, მათი ცილისწამება, მათი “დამნაშავეებად ” მოხსენიება და მათთვის სხვა ცრუ ბრალდებების წაყენება.

საბჭო ასევე მოუწოდებს მას, დროულად შეუდგეს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას.

საბჭო საჯაროდ აცხადებს, რომ სრულად დაიცავს ბ-ნი მამუკა ახვლედიანის, როგორც მოსამართლის დამოუკიდებლობას და, ამასთანავე, მის ლეგიტიმურ უფლებას, სამოსამართლო ეთიკის დაცვით და კეთილსინდისიერი მიზნებით, თავისუფლად გამოთქვას ნებისმიერი კრიტიკული მოსაზრება ნებისმიერი პრობლემისა თუ თანამდებობის პირის საქმიანობის თაობაზე. საბჭო მხოლოდ მიესალმება ნებისმიერი მოსამართლის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს სისტემაში არსებული პრობლემების წარმოჩენას, გამოთქვას მოსაზრებები, წამოაყენოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს პრობლემების დაძლევაში.
ცხადია, თუკი ბ-ნ ახვლედიანს მიაჩნია, რომ ვერ შეძლებს მოსამართლის ორდინარული მოვალეობების შესრულებას, ვერ გაუძლებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ყოველდღიურ სამუშაო დატვირთვას, ან სხვა მიზეზთა გამო აღარ სურს სასამართლო სისტემაში დარჩენა, იგი თავისუფალია, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები