ჯონ ქერი – საერთაშორისო საზოგადოება არ გაჩერდება, ვიდრე პირისაგან მიწისა არ აღგვის ჯიჰადისტების ნიჰილისტურ რწმენას

ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის განცხადებით, მსოფლიოს ტერორისტული აქტებით დაშინება შეუძლებელია და საერთაშორისო საზოგადოება არ გაჩერდება, ვიდრე პირისგან მიწისა არ აღგვის “ისლამური სახელმწიფოს” ჯიჰადისტების ნიჰილისტურ რწმენას.

“ბი-ბი-სის” ცნობით, ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ბელგიაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის ქვეყნის ხელისუფლებისთვის მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დამნაშავეთა დაკავების საკითხში აშშ-ის დახმარების შესათავაზებლად ჩავიდა.

ჯონ ქერის თვითმფრინავი ბრიუსელის იმ აეროპორტში დაეშვა, რომელსაც მუშაობა ჯერ კიდევ შეჩერებული აქვს. ქერის თქმით, “ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკებმა” დაიწყეს ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ ძალადობა იმიტომ, რომ მათი ფანტაზია ხალიფატის შექმნასთან დაკავშირებით, ჩამოიშალა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა სამძიმარი გამოუცხადა 22 მარტის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ახლობლებს. “მე ბრიუსელელი ვარ”, – განაცხადა ჯონ ქერიმ ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე.

ბრიუსელის ტერაქტებს ამერიკის ორი მოქალაქეც ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები