ზვიად კვაჭანტირაძე – ჯოზეფ დაული არაფერს წყვეტს ევროპარლამენტში, წევრიც კი არაა და მისი სახელიც კი არ ახსოვთ საფრანგეთში

46

ევროპარლამენტარები, მათ შორის სახალხო პარტიიდან არ მიჯერებენ, რომ ასეთი განცხადება გაკეთდა საქართველოში და ამბობენ, რომ ეს სრული გაუგებრობაა”, – აღნიშნულ განცხადებას ჯოზეფ დაულის მიერ ტელეკომპანია “რუსთავი2”-სთვის მიცმეულ ინტერვიუსთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე აკეთებს.

კვაჭანტირაძემ საკუთარი პოზიცია და განმატებები Facebook-ით გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ “არავის, არასდროს, არც ერთ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტა ოქტომბრის არჩევნებთან არ დაუკავშირებია”.

“ყველა მინდა დაგაწყნაროთ. ეს კაცი, ჯოზეფ დაული არაფერს წყვეტს ევროპარლამენტში, იგი წევრიც კი არაა და მისი სახელიც კი არ ახსოვთ საფრანგეთში. ეს ნაცმოს და სააკაშვილის მორიგი პიარული სვლაა ხალხის, ამომრჩევლის დაშანტაჟების მიზნით და თუნდაც ამისთვის, ამ აფიორისთვის მკაცრად მოგთხოვთ პასუხს და არ გაპატიებთ!

ჯოზეფ დალს კი პირდაპირ შეკითხვას ვუგზავნი მეილზე, რამდენი შემოგწირათ სააკაშვილმა ამ შანტაჟში თქვენი ჩართულობისთვის???? იქნებ, თქვენზეც აქვთ ოდესღაც რამე კომპრომატები ჩაწერილი და დღეს თავად ხართ შანტაჟის მსხვერპლი?

ვინც არ იცის რა მოხდა “რუსთავი2”-ის ეთერში: ნაცმოძრაობამ გადაწყვიტა ყველა ბინძური ფორმა და ტექნოლოგია გამოიყენოს საკუთარი მიზნების მისაღწევად და დღეს “რუსთავი2″-ის ეთერში ევროპის სახალხო პარტიის საპატიო თავმჯდომარეს გააკეთებინეს (!) ყოვლად უპასუხისმგებლო, შანტაჟის შემცველი განცხადება, რაც ჩვენი მხრიდან ადეკვატური, მაგრამ უმკაცრესი რეაგირების გარეშე არ დარჩება.

ევროპარლამენტარები, მათ შორის სახალხო პარტიიდან არ მიჯერებენ, რომ ასეთი განცხადება გაკეთდა საქართველოში და ამბობენ, რომ ეს სრული გაუგებრობაა.

ჩვენ, საქართველომ უმაღლესი წარმატებით შევასრულეთ ყველა საშინაო დავალება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ასეთივე უმაღლესი შეფასებები მივიღეთ თავად ევროპელებისგან. დარჩა მხოლოდ საკითხის კენჭისყრაზე გატანა ევროპარლამენტში და შემდეგ ევროკავშირის საბჭოზე ბოლო წერტილის დასმა.

არავის, არასდროს, არც ერთ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტა ოქტომბრის არჩევნებთან არ დაუკავშირებია. ახლა, როგორც ჩანს ნაცმოძრაობა იყენებს კიდევ ახალ იარაღს იმისთვის, რომ ჩაშალოს ეს პროცესი და ზიანი მიაყენოს ხელისუფლებას და საკუთარ ხალხს. არ გამოგივათ!

თუ ასე გააგრძელეთ, ერთი წუთითაც ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ უმკაცრესი რეაგირება თქვენს მორიგ მოღალატეობრივ მზაკვრობაზე და პირდაპირ ანტიქართულ საქციელზე ექნება სწორედ ამავე ქვეყნის ხალხს და ამომრჩეველს, რომლის ხელისუფლებაში დაბრუნებას ასე შანტაჟით და დაშინებით ცდილობთ.

მაინც, ასე ბრიყვულად როგორ მოიქეცით? არც კი გიფიქრიათ, რომ ეს საქციელი შეიძლება ზუსტად თქვენვე შემოგიტრიალდეთ უკან?
არ გამოგივათ და არც გაპატიებთ!” – წერს ზვიად კვაჭანტირაძე.