თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს

81

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებმა უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს.
როგორც სტუდენტებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ისინი ვლადიმერ პაპავას გადადგომას არა იმპიჩმენტის გზით, არამედ საკუთარი განცხადების საფუძველზე მოითხოვენ.
მათივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციების დასრულების შემდეგ სხვადასხვა უწყებებს ჰქონდათ დრო, გამოეძიებინათ უნივერსიტეტში მომხდარი პროცესები, არ დადებულა არანაირი სამართლებრივი დასკვნა, რაც აჩენს ეჭვს, რომ სხვადასხვა ძალების მხრიდან მიზანმიმართულად ხდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროცესების ესკალაცია.
მოშიმშილე სტუდენტები აცხადებენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ მანამდე, ვიდრე ვლადიმერ პაპავა არ გადადგება.
მათივე ინფორმაციით, ხვალიდან აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებიც შეუერთდებიან. ამჟამად უნივერსიტეტის მეორე კორპუსში 7 სტუდენტი შიმშილობს.