ლევან იზორია არ იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხეები სრულფასოვნად არ არის გააზრებული

41

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორია არ იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხეები სრულფასოვნად არ არის გააზრებული.

ამის შესახებ იზორიამ პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი ბარამიძისა და დავით დარჩიაშვილის მიერ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

“შეიძლება ჩემი სიტყვები არ იყო დამაჯერებელი, მაგრამ ანგარიში ნამდვილად დამაჯერებელია და ნომერ პირველ საფრთხედ სწორედ იმ საფრთხეს აღიქვამს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთიდან მომდინარეობს”, – განაცხადა იზორიამ.

მან არ უპასუხა კითხვას, ბოლო პერიოდში რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით რამდენი პირი იყო დაკავებული და საერთოდ, ჰქონდა თუ არა ადგილი მსგავს შემთხვევებს და აღნიშნა, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია და სპეციფიკურ თემებზე სასაუბროდ, სუს-ის ხელმძღვანელთან შეხვედრა, შესაძლოა, დახურულ ფორმატში წარიმართოს.

ლევან იზორია ასევე გამოეხმაურა გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომ ქვეყანას არ ჰყავს უსაფრთხოების სამსახური.

“ვწუხვარ, რომ ეს შთაბეჭდილება დაგრჩათ მაშინ, როდესაც ჩვენი თანამშრომლები დაუღალავად ებრძვიან ტერორიზმს და თქვენ ამ შედეგებს არასერიოზულად აღიქვამთ. მე მინდა, ჩემი თანამშრომლების სერიოზული მუშაობა დავაფასო და პატივი მივაგო. შეიძლება, ჩემი გამოსვლა არ მოგეწონათ, მაგრამ ისინი თავის ქვეყნის სამსახურში არიან, სერიოზულ საქმიანობას ეწევიან და მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, მე მგონი, ყველა თანახმა უნდა ვიყოთ, რომ დავაფასოთ მათი შრომა”, – განაცხადა იზორიამ.