დღეის მდგომარეობით, სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება

51

დღეის მდგომარეობით, სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშში, რომელიც განსახილველად პარლამენტს წარედგინა. როგორც სუს-ი განმარტავს, ინფორმაციას ფლობს აღნიშნული პირების შესახებ და მათი საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს გაატარებს.
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად ასახელებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ხორციელდებოდა ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფ პირთა აქტიური კონტრტერორისტული ძებნა. აქტიურად ხორციელდებოდა რადიკალური იდეოლოგიის გამავრცელებელ პირთა და ორგანიზაციების ოპერატიული კონტროლი.
ანგარიშს დღეს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოისმენენ. დოკუმენტს საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, უსაფრთხიების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია წარადგენს. პლენარულ სხდომაზე კი, დეპუტატები ვახტანგ გომელაურის მისვლას ელოდებიან.