საქართველოს პარლამენტი თავის ოფიციალურ გვერდზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების სიას აქვეყნებს.
პარლამენტის ინფორმაციით, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად 19 პირი დროულად დარეგისტრირდა, ხოლო რეგისტრაცია დააგვიანა ორმა პირმა, ავთანდილ კახნიაშვილმა და შადიმან შამანიძემ.

რეგისტრაცია დროულად გაიარეს შემდეგმა კანდიდატებმა: ლუბა ელიაშვილი, ნინო ზურიაშვილი, თამარ ალფაიძე, გიორგი თავაძე, ზაზა კუკულაძე, ია მამალაძე, მიხეილ მირზიაშვილი, გიორგი ნიჟარაძე, იზაბელა ოსიპოვა, ირაკლი პაპავა, სულხან სალაძე, ირინა ფუტკარაძე, თეიმურაზ ქორიძე, არჩილ შუბაშვილი, მიხეილ ჩიკვილაძე, ნინო ცინცაძე, ნინო ჭილაგანიძე, ეკატერინე ჭითანავა, ირაკლი ლომოური.

სამეურვეო საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში კანდიდატების განაცხადების მიღება 30 მარტამდე იყო გამოცხადებული. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ პარლამენტის სახელზე შესული დოკუმენტაცია საკონკურსო კომისიას გადაეცემა. კომისია 10 დღის ვადაში წარუდგენს 12 შერჩეულ კანდიდატს სახალხო დამცველს, უმრავლესობასა და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს. საბოლოოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 4 კანდიდატის არჩევა მოხდება.