არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოში პირველმა რეგისტრაცია ლევან მამალაძის პარტიამ გაიარა

39

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის ერთი პარტია უკვე დარეგისტრირდა.

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური გაერთიანება „სახალხო ხელისუფლება“ რეგისტრაციაში 2 აპრილს გაატარა. ცესკოს ინფორმაციით, აღნიშნული პარტია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პირველად დარეგისტრირდა. ”სახალხო ხელისუფლების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან მამალაძეა.

როგორც ცესკოში აცხადებენ, პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ არ ჰყავთ წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში, ცესკოს თავმჯდომარეს სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე (საქართველოს საარჩევნო კოდექსი – მუხლი 113, პუნქტი 1, „ბ“ ქვეპუნქტი), რის შემდეგაც უნდა წარმოადგინონ მხარდამჭერთა სიები.

კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში, ცესკოს უნდა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1000 ამომრჩევლის სია; ხოლო პარტიამ, რომელიც არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, უნდა წარმოადგინოს სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია.

პარტია ვალდებულია მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები ცესკოს წარუდგინოს სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 აგვისტოსი.

როგორც ცესკოში განმარტავენ, პოლიტიკური პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელი ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57 დღისა.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტში პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა პარლამენტის წევრი, რომელიც შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არის არჩეული. ასევე პარლამენტში პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა პარლამენტის წევრი, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის პარლამენტში არჩევამდე იმ პარტიის წევრი იყო, რომელი პარტიაც ამ არჩევნებში არ მონაწილეობდა, მაგრამ მისი პარტიის წევრობა მითითებული იყო 2012 წლის პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიის/ბლოკის სიაში და 2016 წლის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღისთვის იმავე პარტიის წევრია.

ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.