სასამართლომ ე.წ. უკანონო მოსმენის საქმეზე დაკავებულ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა . დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. როგორც ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროებას მიუთითებდა.  საქმის პროკურორის მაია ჯვარშეიშვილის განცხადებით, კი მოსამართლემ მიიღო რელევანტური გადაწყვეტილება , რადგან არსებობდა საფრთხე, რომ ბრალდებულების მხრიდან შესაძლოა საფრთხე შექმნოდა გამოძიების მიმდინარეობას.
მოსამართლემ მიღებული გადაწყვენტილება დაასაბუთა იმით, რომ არსებობს ბრალდებულთა მხრიდან, თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. პატიმრობა შეეფარდათ : შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილეს ვასილ ლელუაშვილს; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რევაზ შიუკაშვილს; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილ უფროსს რომან ზაალიშვილს; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილ უფროსს ირაკლი ყიფშიძეს; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილ უფროსს ზურაბ პავლიაშვილი და შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილ მოადგილეს გიგლა შიოშვილს.