პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას ივლისის ნაცვლად მაისის დასაწყისში გამოსცემს

63

საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ ის დაარწმუნა, რომ არჩევნების 60 დღემდე ადრე გამოცხადება ქვეყანას ფინანსურად დაანგრევდა თუმცა ”აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება ის უფრო ადრეც დაინიშნოს”.

”პირველ რიგში, არჩევნების თარიღი დადგენილია – ეს არის 8 ოქტომბერი და არჩევნების თარიღის დადგენა კარგია პროგნოზირებადი საარჩევნო გარემოსთვის. რაც შეეხება იმ დოკუმენტს, რომელიც მთავრობასთან სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული და რომელსაც დღეს ხელი არ მოეწერა – მინდა მოგახსენოთ, რომ ეს დოკუმენტი გამოვეცი იმდენად, რამდენადაც დამარწმუნა საქართველოს მთავრობამ, რომ 60 დღეზე ადრე არჩევნების დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება უფრო ადრეც დაინიშნოს. შესაბამისად მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.