გიორგი კვირიკაშვილი – ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილი მიღწეულით, მაგრამ არ შეიძლება არ დაინახო ის პროგრესი, რაც საქართველოშია

38

ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილი იმ შედეგით, რაც მიღწეულია, მაგრამ მეორე მხრივ, არ შეიძლება არ დაინახო ის პროგრესი, რაც საქართველოშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურგში განაცხადა, სადაც ის ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, თვითონ ის ფაქტი, რომ დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატია ვითარდება.

”ჩვენთვის არ არის უცხო საუბარი ოპოზიციასთან. უკვე რამდენიმე თვეა, მე არაერთი შეხვედრა მქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა, გავცემ ყველა კითხვას პასუხს. ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილი იმ შედეგით, რაც მიღწეულია, მაგრამ, მეორე მხრივ, არ შეიძლება არ დაინახო ის პროგრესი, რაც საქართველოშია”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს გამოვიდა ახალი რეიტინგი ”ჟურნალისტები საზღვრის გარეშე”, რომლის თანახმადაც, საქართველომ 2012 წლის შემდეგ 36 საფეხურით გააუმჯობესა გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო რეიტინგი და ამ თვალსაზრისით არა ერთ ევროპულ ქვეყანას უსწრებს.

”მაგრამ, ეს არ არის ის, რითიც ჩვენ კმაყოფილი უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით. სწორედ ამიტომ ვიმყოფებით აქ, სწორედ ამიტომ ვიხილავთ გენერალურ მდივანთან ერთად საქართველოს 16-20 წლების სამოქმედო გეგმას, რათა საქართველო ვაქციოთ ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად, ევროპული ინსტიტუციებით, სადაც იქნება უმაღლესი ხარისხი ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ინსტიტუტების. ჩვენ საუბარი გვექნება სწორედ ამ რეფორმებზე, რომლებიც უკვე გავატარეთ და რომლებსაც მომავალში ვგეგმავთ, რათა ნამდვილად განვამტკიციოთ ის განცდა ჩვენ ევროპელ პარტნიორებში, რომ საქართველო ნამდვილად არის ევროპული ქვეყანა და საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, უმაღლესი პრიორიტეტია ამ რეფორმების გატარება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.