ოთარ სირაძე – ახალი საბანკო რეგულაციები შეამცირებს ეკონომიკის განვითარებას და გაზრდის უმუშევრობას

39

კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა გადახედონ მათ მიერ დაწესებულ არაგონივრულ/მავნებლურ ახალ საბანკო რეგულაციებს და გააუქმონ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ოთარ სირაძის განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ის ახალ საბანკო რეგულაციებს ეხმიანება.

ოთარ სირაძე მიჩნევს, რომ ახალი რეგულაციები შეამცირებს ეკონომიკის განვითარებას და გაზრდის უმუშევრობას.

„2019 წლის 1-ელი იანვრიდან ახალი საბანკო რეგულაციები ამოქმედდა, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი იყო. ჩვენ ხელისუფლებას ვაფრთხილებდით, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეიძლება მოჰყოლოდა, რისი პირველი ნიშნებიც უკვე სახეზეა. მხოლოდ ერთი თვე არის გასული ამ მავნე გადაწყვეტილებიდან და იგივე უკვე გახდა სერიოზული პორობლემის შემქმნელი, როგორც ბიზნესისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის. კერძოდ, 70%-ით შემცირდა ვაჭრობა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, ხოლო 50%-ით სამშენებლო ბიზნესში, რაც გამოწვეულია მოქალაქეებისათვის სესხებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით.

რეგულაციიდან გამომდინარე ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც შეამცირებს ეკონომიკის განვითარებას და გაზრდის უმუშევრობას. განსაკუთრებით კი მძიმედ იმოქმედებს თვითდასაქმებულ ადამიანებზე, რომელთაც შემოსავალი ოფიციალურად არ უფიქსირდებათ.

მთავრობისა და ეროვნული ბანკისთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეუქმნიდა ბიზნესს პრობლემებს და გააუარესებდა მოქალაქეების მდგომარეობას, შესაბამისად კანონის ამოქმედება გადაავადეს და ნაცვლად 1 ნოემბრისა, რომელიც ემთხვეოდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, აამოქმედეს 1 იანვრიდან.

ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა თითქოს ჭარბვალიანობის შესამცირებლად, სინამდვილეში კი ვალი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, ვინაიდან მოქალაქისთვის ფინანსური რესურსით სარგებლობა ხელმიუწვდომელი გახდა. შესაბამისად, იგი მიაკითხავს კერძო გამსესხებლებს და მოუწევს თანხის უფრო მაღალი პროცენტით და უფრო კაბალური პირობებით აღება, რაც დააყენებს მეტად სავალალო შედეგს, ვიდრე დღეს გვაქვს.

უკვე დამდგარი საგანგაშო შედეგებიდან გამომდინარე, კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა გადახედონ მათ მიერ დაწესებულ არაგონივრულ/მავნებლურ შეზღუდვებს და დაუყოვნებლივ გააუქმონ’’, – ნათვამია ოთარ სირაძის განცხადებაში, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

თქვენი კომენტარი