ქეთევან ციხელაშვილი – ადამიანების მძევლად აყვანა, ჩაკეტვა და სრული იზოლირება არაფრითაა გამართლებული

278

„ჩემი ყოველდღიური მუშაობა იქითკენაა მიმართული, რომ მოძრაობა ახალგორის მიმართულებითაც გაიხსნას“,- ამის შესახებ განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილ ე.წ. გამშვებ პუნქტთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას გააკეთა, რის გამოც გადაადგილება უკვე 27-ე დღეა შეზღუდულია.

„გადაადგილების თავისუფლების ამ აბსოლუტურად უსაფუძვლო და აბსურდული შეზღუდვით მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში თითქმის ერთი თვეა ტყვეობაშია. განსაკუთრებით ის ოჯახები, რომლებიც მცირე ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი. დე-ფაქტო გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირსა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებლებს კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ ადამიანის უფლებებთან მიმართებაში პასუხისმგებლობისგან თავისუფალი არავინაა. დღეს რაც ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში კვლავ გრძელდება, სრულიად დაუშვებელია. ადამიანების მძევლად აყვანა, ჩაკეტვა და სრული იზოლირება არაფრით არაა გამართლებული“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტები 11 იანვარს ჩაიკეტა. მდინარე ენგურთან მდებარე ე.წ. გამშვებ პუნქტი გუშინ, 5 თებერვალს გაიხსნა.