რაგბის კავშირში განმარტეს, რატომ ჩატარდება “ბორჯღალოსნების” მატჩები მომცრო სტადიონებზე

4

“ბორჯღალოსნები” რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის მზადებას განაგრძობენ. პარალელურად, მიმდინარეობს ბილეთების ონლაინგაყიდვა 17 თებერვალს თბილისში, “ავჭალაზე” ესპანეთთან (18 საათზე) და 10 მარტს ქუთაისში გერმანიასთან (16 საათზე) გასამართი საშინაო მატჩებისთვის.

ბილეთების შეძენა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

მანამდე ჩვენი გუნდი 9 თებერვალს კლუჟში, რუმინეთის ნაკრებს საქართველოს დროით 16 საათზე შეხვდება და ეს თამაში ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავს მიეძღვნება.

მატჩში გათამაშდება ტრადიციული, ამ ნაკრებებს შორის საზიარო “ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი”, რომელიც ამჟამად “ბორჯღალოსნების” მფლობელობაშია.

რაც შეეხება დანარჩენ გასვლით შეხვედრებს, ბელგიას 2 მარტს ბრიუსელში, 18 საათზე ვერკინებით, ხოლო რაგბი ევროპას 17 მარტს კრასნოდარში, რუსეთთან ჯახით ვასრულებთ (16 საათზე).

მომცრო სტადიონებზე ობიექტური მიზეზით

რაგბი ევროპასთან დაკავშირებით რაგბის კავშირის მარკეტინგის დირექტორმა მიხეილ ხარატმა განაცხადა, რომ საშინაო მატჩების ბილეთების ონლაინგაყიდვა უკვე დაწყებულია და “ავჭალაზე” ესპანეთთან მატჩის ბილეთები – 15, ხოლო ქუთაისში გერმანიასთან შეხვედრის 10 ლარი ეღირება. მან ის მიზეზიც ახსნა, რის გამოც ეს თამაშები შედარებით მომცრო ტევადობის სტადიონებზე ჩატარდება:

“ავჭალაზე” 3 ათასამდე გულშემატკივარი ეტევა, ხოლო ქუთაისში შეხვედრას უფრო მეტი ქომაგი იხილავს – 4800. “მიხეილ მესხის” სტადიონის მინდვრის საფარს რეაბილიტაცია უტარდება და ამ ეტაპზე იქ თამაშის ჩატარება შეუძლებელია, რის გამოც არჩევანის გარეშე დავრჩით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქუთაისში თამაშების ჩატარება საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ყველამ იცის ამ ქალაქის სარაგბო ტრადიციებისა და ისტორიის შესახებ და ის ფაქტობრივად მეორე სარაგბო ცენტრია”.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

თქვენი კომენტარი