კამპანია ეს შენ გეხებას წევრი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისის ყოფილ პროკურორს, მაია მწარიაშვილს, ხვდებიან. როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ სურთ, მიიღონ ინფორმაცია, პრაქტიკაში რა სირთულეებს უკავშირდება პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერების გავრცელების დანაშაულების გამოძიება.
„მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ პრაქტიკული ასპექტები, ზოგადად, ამ ტიპის დანაშაულის გამოძიების სირთულეებთან და სპეციფიკასთან დაკავშირებით, რასაც სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოები შეიძლება მიმართავდნენ იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულის დროული და ეფექტური გამოძიება მოხდეს. ცხადია, ვერ ვისაუბრებთ კონკრეტული დანაშაულებების თაობაზე. თუმცა, ჩვენთვის ამ შეხვედრას აქვს მნიშვნელობა იმით, რომ მივიღოთ ინფორმაცია ყოფილი პროკურორისგან, რომელმაც პრაქტიკაში იცის, რა სირთულეებს და პრობლემატიკას უკავშირდება მსგავსი საქმეების გამოძიება,“ – განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა, სოფო ვერძეულმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს, კი მაია მწარიაშვილისგან სურს, მიიღოს ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები გაატარა ხელისუფლებამ მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ უკანონო თვალთვალისა და მიყურადების საქმიანობას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციაც აწარმოებდა.
„ჩვენ გვაინტერესებს, თუ რა მოხდა საგამოძიებო ორგანოებში მას შემდეგ, რაც მათთვის გახდა ცნობილი ის, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციაც იწერდა და ახორციელებდა უკანონო თვალთვალს და მიყურადებას. ასეთი ფაქტებზე გამოძიებაც დაიწყო, კონკრეტულ პირების პასუხისმგებლობაზეც იყო საუბარი. ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ თავდაცვის სამინიტროს ჩართულობაზე ინფორმაცია,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.