მე მირჩევნია, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთან მოხდეს საპარლამენტო არჩევნებამდე, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე “ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტმა ჟოზეფ დოლიმ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ პროცედურებიდან გამომდინარე არჩევნებამდე არ მოხდა ვიზალიბერალიზაცია და არჩევნები ჩატარდება ცუდად, ეს არ იქნება კარგი სიგნალი ევროპარლამენტისთვის, თუმცა საქართველო მაინც მიიღებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას.
“პროცედურა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვე, 8 თვე და ა.შ. არსებობს ვადები, რომელიც შეიძლება შეიცვალოს. მე მირჩევნია საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღოს არჩევნებამდე. ეს გულისხმობს იმას, რომ არის საარჩევნო კამპანია, არის რუსული საფრთხე და უმჯობესია ვიზალიბერალიზაცია მოხდეს არჩევნებამდე. თუ არ მოხდა არჩევნებამდე და გადაიწია, თუ არჩევნები ცუდად ჩატარდება, ევროპარლამენტისთვის არ იქნება კარგი სიგნალი, თუმცა საქართველო მიიღებს ვიზალიბერალიზაციას. მე ვარ ამისთვის და ეს ნამდვილად მოხდება”, – განაცხადა დოლიმ.
როგორც მან აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის მიუხედავად, ევროპული რეფორმები უნდა გაგრძელდეს.
გარდა ამისა, როგორც “ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტმა განაცხადა, მათი პარტნიორი – საქართველოს ძირითადი ოპოზიციური პარტიაც “ნაციონალური მოძრაობის” სახით, მუდმივად ხაზს უსვამს ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას და იმას, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს რაც შეიძლება მალე მიეცეს.
“ამ კონტექსტში ვიტყოდი, რომ საქართველო იმსახურებს ჰქონდეს ევროპული მომავალი და ეს ცდება ვიზალიბერალიზაციას. ევროპაში შესვლა ნიშნავს, რომ ქვეყანა უნდა იქცეოდეს, როგორც ევროპული ქვეყანა და მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, რომ ზუსტად ამას აკეთებს. დღეს ბურთი მათ მოედანზეა”,- განაცხადა დოლიმ.