ბრალდებულების პოზიცია ჩვენთვის ცნობილია და ის აბსოლუტურად შეუთავსებელია თავად მათ მიერ შედგენილ დოკუმენტებთან. ამის შესახებ ე.წ. კაბელების საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც 4 ბრალდებული დაიკითხა.
აღლემაშვილის თქმით, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების დაკითხვისგან ბრალდების მხარე არ ელოდებოდა რაიმე ახალს და საინტერესოს. “სასამართლო პროცესზე უკვე დოკუმენტების შეფასების საკითხი დადგა და ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება. ჩვენ ყველა მტკიცებულების გამოკვლევის შედეგად ნამდვილად გვაქვს ვარაუდი, რომ სასამართლო ყველა ბრალდებულის მიმართ მხოლოდ და მხოლოდ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს”, – განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.
რაც შეეხება ერთ-ერთი ბრალდებულის, გიზო ღლონტის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურა გარკვეულ დოკუმენტაციას მალავს, აღლემაშვილმა აღნიშნა, რომ ადვოკატები მიეჩვივნენ საქმეში დაუსაბუთებლად, დოკუმენტების გარეშე საუბარს და ჭორის დონეზე საკითხების განხილვას.