1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მთავრობის წევრები პარლამენტის შენობის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალთან იკრიბებიან და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
27 წლის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ, დილის 04:00 საათზე, საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი მიტინგი სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და დღემდე დაუდგენელი ქიმიური გაზის გამოყენებით დაარბია. სადამსჯელო რაზმს გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა.
მიტინგის დაშლისას ადგილზე 16 მოქალაქე დაიღუპა. მომდევნო დღეებში კი, მიღებული ტრავმების შედეგად, კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. ტრაგედიის მე-20 მსხვერპლი – გია ქარსელაძე კი კომენდანტის საათის დროს რუსმა სამხედრომ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. დაღუპულთაგან 16 ქალია.
9 აპრილის დემონსტრაციის მონაწილეთა უმთავრესი მოთხოვნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან მისი გამოსვლა იყო.
აღნიშნული მოთხოვნით დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა პიკს 1989 წლის 4 აპრილს მიაღწია, როდესაც ათობით ათასი ქართველი თბილისში, მთავრობის სახლის წინ აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით შეიკრიბა. ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა კი, შიმშილობა გამოაცხადა.
9 აპრილის აქციაში ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა. მას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები – ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი და გიორგი ჭანტურია ხელმძღვანელობდნენ.
მოსალოდნელი დარბევის შესახებ დემონსტრანტები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გააფრთხილა და დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა მათ პატრიარქის მოწოდება არ გაიზიარეს.
9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.