საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინურ ტელეკომპანიას CCTV ინტერვიუ მისცა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილმა „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტზე და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის ფართომასშტაბიანი გეგმა, რომლის განხორციელების შემთხვევაში ქვეყნის კონკურენტუნარიანობა გაიზრდება. მისივე განმარტებით, ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ პროექტში ჩართულ ქვეყნებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს ვაჭრობისა და ლოგისტიკის ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ვაჭრობას ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. „ჩვენ ვთვლით, რომ ელექტრონული პლატფორმა, როგორც მნიშვნელოვანი სივრცე, სადაც განთავსდება ინფორმაცია ჩვენი პროექტების შესახებ, რათა ის ხელმისაწვდომი გახდეს ყველა ინვესტორისთვის, ჩინელი ინვესტორების ჩათვლით, ზრდის აბრეშუმის გზის გაყოლებაზე ყველა ქვეყნის ცნობადობას“, – აღნიშნავს პრემიერი.
ჩინური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხსაც შეეხო. გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კიდევ უფრო გაზრდის უცხოელ ინვესტორთა ინტერესს.