თურქეთი უვიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას მიესალმება

208

თურქეთი მიესალმება რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, თურქეთის მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ჰამი აქსოიამ განაცხადა.

კრემლის ლიდერის ბრძანებით, ამიერიდან რუსეთში შესვლა უვიზოდ შეეძლებათ თურქეთის სპეცპასპორტების მქონე მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში მოკლევადიანი მივლინებით აპირებენ შესვლას, ასევე, პროფესიონალ მძღოლებს, რომლებიც საერთაშორისო ავტოგადაზიდვებს ახორციელებენ.

2015 წლის ნოემბერში ვლადიმერ პუტინმა თურქეთის წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური ზომების ფარგლებში, მასთან უვიზო რეჟიმი შეწყვიტა. გამონაკლისის დაშვება მოხდა მხოლოდ 2017 წლის მაისში.