საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები შემაშფოთებელია.
აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამი, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან გამოხატული დანაშაულებრივი ქმედებები სავარაუდოდ წახალისებულია იმით, რომ ისინი სარგებლობენ ფაქტობრივი დაუსჯელობის გარანტიებით.
“29 ნოემბრის დილის 02 საათიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტიურად დაიწყო საპოლიციო ღონისძიებების გატარება, დიდი რაოდენობით ადამიანური საპოლიციო ძალებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით.
შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები.
ვიდეოკადრებში და გავრცელებულ ინფორმაციაში ცალსახად ვლინდება მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს, მომიტინგეების, მათ შორის პოლიტიკოსების, ასევე ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების არაერთი ეპიზოდი, სავარაუდო უსაფუძვლო დაკავების შემთხვევები, ძალადობის პირდაპირი განზრახვა და მიზანმიმართული დევნა.
გარდა აქციის ძირითადი ლოკაციისა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს, რომ პოლიცია ახორციელებს აქციის მონაწილეების დევნას შეკრების ადგილიდან დაშორებით, რაც მიანიშნებს სავარაუდო შურისძიებისა და დაშინების მიზანზე”, – წერია განცხადებაში.