მამუკა ღლონტი და ეკა აკობია სასამართლოს მთავარ ამოცანად იმის დადგენას მიიჩნევენ, ეკუთვნის თუ არა გიორგი გაჩეჩილაძეს ”მაესტროს” 25%-იანი წილი

71

სამართლებრივ ჭრილში სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს საკითხი, ეკუთვნის თუ არა გიორგი გაჩეჩილაძეს 25%-იანი წილი, რომელიც მან ერთხელ უკვე გაყიდა, – ამის შესახებ ნათქვამია “მაესტროს” მეწილეების, მამუკა ღლონტის და ეკა აკობიას განცხადებაში.
მამუკა ღლონტი და ეკა აკობია განმარტავენ, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების განვითარებამდე ტელეკომპანია “მაესტროს” სარედაქციო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა ერთი ძირითადი ფაქტორი – პარტნიორთა შორის წილების ისეთი გადანაწილება, რაც გამორიცხავდა ვინმესთვის საკონტროლო პაკეტის არსებობას.
“იმ ფონზე, როცა ჩვენს მიერ 2 თვეზე მეტია სასამართლოში შეტანილია სარჩელი გიორგი გაჩეჩილაძის 25%-იანი წილის სხვა პარტნიორებზე გადმოფორმების მოთხოვნით, გიორგი გაჩეჩილაძესა და მასთან ასოცირებულ პირებზე “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის გადასვლამ, ასევე ერთპიროვნულად მიღებულმა გადაწყვეტილებამ კომპანიის დირექტორად მისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის არჩევის შესახებ, შექმნა ამ ბალანსის დარღვევის და პროცესების უკანონოდ წარმართვის რეალური საფრთხე.
აქედან გამომდინარე, სრულიად ნათელია, რომ სამართლებრივ ჭრილში სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს საკითხი, ეკუთვნის თუ არა გიორგი გაჩეჩილაძეს 25%-იანი წილი, რომელიც მან ერთხელ უკვე გაყიდა.
ბუნებრივია, რომ თუკი ამ წილის შესაბამისი პროპორციული ნაწილი გადმოფორმებული იქნება ჩევენზე, მამუკა ღლონტზე და ეკატერინე აკობიაზე, უკანონო საკონტროლო პაკეტი ანულირდება და აღდგება სამართლიანი სტატუს-კვო.
აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ სასამართლომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საქმის განხილვა და მასზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერდეს ყველა სხვა საქმე, რომლებიც ბუნებრივად არის დამოკიდებული ამ ძირითადი საქმის შედეგზე.
ჩვენს გაოცება იწვევს ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე სასამართლო უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში იხილავს “მაესტროსთან” დაკავშირებულ სხვა საქმეებს, ხოლო ძირითად დავაზე 2 თვეზე მეტია არც კი დაუწყია განხილვა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვთხოვთ სასამართლოს, რომ დაუყოვნებლივ, კრედიტორთა კრებამდე, რომელიც დანიშნულია 15 მარტს, დაინიშოს აღნიშნულ საქმეზე სასამართლო სხდომა. ამის თაობაზე წერილობითი შუამდგომლობაც შეტანილი იქნება სასამართლოში დადგენილი წესით”, – ნათქვამია განცხადებაში.